суббота, 9 ноября 2013 г.

ხცისის ხალხური რეწვა



ხცისში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის ხეზე ნამუშევრები გაოცებას იწვევს. 
ლევან დავითაძე , დაიბადა 1952 წლის 7 ნოემბერს, აი მისი მცირე ბიოგრაფია. დედისერთა-
სწორედ ამის გამო ვერ მიიღო კლასიკური განათლება, დედა ვერ დატოვა მარტო. იქნებ სხვაგვარად წარმართულიყო მისი ცხოვრება, ასეც იქნებოდა...  
ბავშვობიდან ხატავდა, ხეზე მუშაობა ციხეში დაიწყო. უყვარდა ქალის ფიგურის გამოკვეთა, არ უყვარდა თავისი  ნამუშევრების გაჩუქება. მისი ნამუშევარი (ბიუსტი) თბილისის ერთ-ერთ მუზეუმშია, ოჯახის წევრებმა ზუსტად არ იციან რომელში. მისთვის ყველაზე ძვირფასი ქმნილება ყოფილა “ფრაგმენტი ვეფხისტყაოსნიდან”.
მის ნამუშევრებს ეტყობა, თუ რაოდენ დიდი ტკივილები აჩუქა  ცხოვრებამ…



"ხელოვნებაა  თავად  უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი..."
ხელოვანი ადამიანის სულიც ხომ სხვანაირია, ფაქიზი, ემოციური. სწორედ ამ ემოციებს გადმოსცემენ ისინი თავიანთ ნაოსტატარში. 
ინგა ღონღაძე - ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებელი. არის მორწმუნე, ამიტომაცაა  მის ნამუშევრებში რელიგიური თემა რომ ჭარბობს. გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს – ნაქარგი, მაკრამე, თექა, მისთვის თექაზე მუშაობა არავის უსწავლებია, ეს მისი პირველი ნამუშევარია.





თამარ მეტრეველი – ხელოვნებისა და შრომის მასწავლებელი. არის არაჩვეულებრივი კულინარი, მისი მორთული ტორტები მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშებია. ხელსაქმიდან უპირატესობას ქსოვას ანიჭებს



ხცისის ფოლკლორი



მონადირის ჩანაწერიდან

დეკემბრის სუსხიან დილას
მზე თოვლში იძირებოდა,
ოთხი ხცისელი ყმაწვილი
მთებისკენ იმზირებოდა.
აღიკაზმენ და ძაღლები
წინ წაიმძღვარეს ყაყანით
გზადაგზა მასლაათობენ
ტყე გააჯერეს ქაქანით.
ჯიქურას ფერდა გაჩხრიკეს
თოვლზე ღორის კვალს მიაგნეს,
გაბო “ნომერში” ჩასაფრდა
ავთო სარეკში მიაგდეს.
ძაღლებმა შექმნეს წკავწკავი,
ავთომაც დაიღრიალა,
გაბოს “ნომერში” უეცრად
“დუპლეტმა” დაიგრიალა.
ტახი ღელეებს აუყვა
ფეხიდან სისხლი სდიოდა,
გაბო მუხაზე შემჯდარა
ძირს ვეღარ ჩამოდიოდა.
ტახის კვალს ვეცით, სად არი
იქვე დაეცა გვჯეროდა,
გაბო კი მუხის სოროდან
დამფრთხალი ჩამოგვცქეროდა.
იმ დღიდან იმ მიდამოებს
ძველი სახელი ავართვით,
საქვეყნოდ გამოვაცხადეთ
და გაბოს მუხა დავარქვით.
მეორე ამბავს გიამბობთ
ყური დამიგდეთ კარგადა,
პაატა წამოიზარდა
მუხა გულს აწვა დარდადა.
პაატა თოფსა ფერავდა
და იკვეხნიდა ამასა:
“ის ურჩევნია მამულსა
რომ შვილი ჯობდეს მამასა”
ფიჭვნარში კოლტი შესულა
ეშვგალესილი ტახია,
ვაი ვისთანაც გაივლის,
როგორი დასანახია.
გაბო არიგებს პაატას:
ახლა სიფრთხილე გვმართებსო
თავი არ მოაკვლევინო,
შვილო, მაგ უკუღმართებსო.
უეცრად ატყდნენ ძაღლები
წკავწკავითა და წკმუტუნით,
დაიძრა კოლტი ხმაურით,
წინ მოდის ტახი ფრუტუნით.
თოფების ბათქი გაისმა
ღორი რომ მოწანწალებდა
სულგანაბული პაატა
ფიჭვიდან უთვალთვალებდა.
როცა ქეიფად დაჯდებით
აშიშხინდება მწვადები
გაგახსენდებათ მუხის და
ფიჭვების ბარიკადები.
 ხალხური მთქმელი-ნუგზარ თუმანიშვილი

ხცისი(ბავშვობის მოგონებები)
ჩემი ბავშვობის უნაზეს ხილვებს, ქართლის სანახებს ვუხმობ, ვუცინი,
მინდვრად ვთელავდი გულჭრელ ყვავილებს, გაუხედნავი ლურჯა კვიცივით.
მგონია, ზღვა აქ ვნახე პირველად, ნანანაობდა ლურჯი ჯეჯილი,
მიალერსებდა გასაკვირვებლად ყაყაჩოებით მკერდდაფენილი.
ო, ახლაც მინდა დავხუჭო თვალი და ვით მირაჟი, ისე ვიხილო
ლურჯი ქლიავი, მტევანი ლალი, ლურჯი დილა და ლურჯი ღიღილო.
თვალდათვალ ოქროს იწნავდა თმაში ყანა და ჩუმად შარიშურობდა,
მწყერი ქვითქვითა მაშინ, ო, მაშინ გულში ჩამეკრა რარიგ მწყუროდა.
სოფლის ნახირის ორკესტრიალით შემოდიოდა შარაზე ბინდი
და ზანზალაკთა სოლოს წკრიალით წყაროსთან იდგა წესი და რიგი.
ნაპირს იკლებდა ცხენი ფრუტუნით, მოტაატებდა მტკვარზე ბორანი,
თავმოუხსნელი ზღაპრის გუდურით ღამე დგებოდა, როგორც ყორანი.
ეზოში იდგა თეთრი, წყლის დალი ჩემი მამიდა-მებორნის ცოლი,
ხელში “ცოცხალით” სავეს ხახალით, სურნელდაკრული კაკლის ფოთოლით.
და პატეფონი უკრავდა სადღაც,”რაველის ჰანგებს” ფანტავდა ქარი
ღრუბელი შლიდა ფაფარს ლომისას ქვეყნის წალეკვის ავი მსურველი.
წამოიღებდა “ხციულა” ფშანებს და გვექცეოდა თავზე ცა, ჭერი,
ბრდღვინვით იკლებდა არეს და მარეს სხვა დროს ლამაზი, მშვიდი ფოცხვერი.
ხევიხევ აჰყვა წყალს, სადღაც აღმა ფეხებშიშველი ჩემი ბავშვობა,
ჩამარხულია სულში აქ, ნაღმად ყრმობის სიზმრები და თამაშობა.
       ციცინო ბურნაძე--პოეტი

ხცისის ბუნებრივი რესურსები


სოფელი მდიდარია ტყის მასივებით, სადაც უხვად არის სოკო, კენკროვანი მცენარეები, ასკილი, მაყვალი, წიფელი, ტყის მსხალი და ვაშლი. ჩრდილოეთით მას მდინარე მტკვარი ჩამოედინება, რომელიც სავსეა თევზით, მდინარის მიდამოებში გვხვდება ქაცვი.
ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია სააგურე თიხა, სამშნებლო ქვიშაქვა და თიხაფიქალი, გოგირდწყალბადიანი წყალი მდ. ხციულას მიდამოებში.
სოფლის ტერიტორიაზე იზრდება”საქართველოს წითელ წიგნში” შეტანილი ბევრი მცენარე: კოლხური ყოჩივარდა (იზრდება კირქვიან ღორღებზე, კლდეებზე მტისწინა ალპურ სარტყელამდე, ტყეებში, ალპურ ველებში), იულიას ფურისულა, ქართული ნუში, ქართული თელა, თელადუმა, კრიკინა, ტყის ვაზი, უსურვაზი, დოლის პური, რბილი ხორბალი, ჩაგვერა პური, ნამგალა პური, ჭალის მუხა, მტკვრის ასტრაგალი, თეთრი დუმფარა, ლაგოდეხის იორდასალამი (ტყის ყაყაჩო).
“წითელ წიგნში” შეტანილი ცხოველებიდან გვხვდება კავკასიური ფიცხვერი, ცხვირრქოსანი გველგესლა, დიდი ოყარი ანუ თეთრი ყანჩა, კავკასიური როჭო, მცირეაზიური ტრიტონ, კავკასიური ჭვრიანა, კავკასიური სალამანდრა, მყივანა (ყვითელნისკარტა) გედი, კავკასიური გველგესლა და სხვა

ციციშვილები
XIX ს-ში ციციშვილებს-ქართლის მებატონეებს შექმნილი ჰქონიათ საერთო კომიტეტი, სადაც მთელი მათი ქონება შედიოდა. ჩვენთვის უცნობი მიზეზით ამ კომიტეტს გამოჰყოფია თომა ციციშვილი. 1872 წელს დიდებული სასახლე აუშენებია სოფლის შუაგულში, რომელიც საოცარი ოსტატობით ყოფილა მოხატული. ტრაგიკულად განვითარებულა ოჯახის ბედი, არავინ იცის სად დანიავდა თომა ციციშვილის ოჯახის ქონება, ვარდისფერი სასახლისაგან დღეს  ნანგრევებიც კი აღარაა შემორჩენილი, მაგრამ ერთ დროს ჟრიამულით ავსილი ეზო დღესაც არ უჩივის სიმარტოვეს, ამჟამად სასახლის ეზოში ხცისის საჯარო სკოლაა, რომელიც ღირსეულად ატარებს ღვაწლმოსილი პედაგოგის, არაჩვეულებრივი პიროვნების, სკოლის ყოფილი დირექტორის, ბატონ ივანე ხრიკულის სახელს.
ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ მათი საბატონო სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა, სასოფლო კლუბი და ყველაფერი ის, რაც კი სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენდა, მათ შორის , სკოლა.




ხცისის საჯარო სკოლა



მეტყველება და დიალექტი

გავრცელებულია ხაშურლებისთვის დამახასიათებელი ქართლური დიალექტი. მეტყველების დინჯი ტემპი, რაც განაპირობებს ხმოვანთა დაგრძელებას.
ბრძანებით კილოში ზმნის ბოლოკიდური მარცვლის მოკვეცა: შემოდი/შემო; წამოდი/წამო; მომეცი/მომე...…
სახელობითი ბრუნვისნიშანი დაერთვის ხმოვანზე  ფუძედაბოლოებულ სახელებსაც: პაპაი, ბაბოი, ძმაი, შალვაი...
ხშირია მოთხრობითი ბრუნვის ნიშნისმამატება: ბიძამა, დედამა, მამამა...